რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს - საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოქტომბრამდე საკმაო ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს.
„12 რეკომენდაციიდან სამი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, ევროკომისიამ აქაც აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. როგორც იცით, შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ასეთი სახის ანგარიში იყო და პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საერთოდ გაგვეგო ამა თუ იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიას როგორი განმარტება ან მიდგომა აქვს, გამოჩნდა, რომ ჩვენ უკვე, ამ ეტაპზე, სამი რეკომენდაცია შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე და ჩავთვალოთ შესრულებულად. დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია, არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებულ და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის. მეორე - იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ. აქ დიდი ხარვეზები ჩვენ ვერ მოვისმინეთ. საუბარი იცით, რომ იყო, მაგალითად, კონკურენციის სამართალზე და სახელმწიფო შესყიდვებზე. როდესაც ჩავეკითხეთ კონკრეტულად რა მოლოდინები აქვთ ჩვენგან, მაინცდამაინც, ფუნდამენტური საკითხები აქ არ არის. ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზეც ევროკავშირიც საუბრობს. რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შეფასება. უკვე მოხერხდა, რომ საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. აქ მთავარია, ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა და გარდა ამისა, ოქტომბრამდე საკმაოდ ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ამოცანები გააჩნია და ერთ-ერთი მთავარი არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობაა.
„ეს არის ფაქტორი, რომელიც, რიგ შემთხვევაში, არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევუერთდეთ ამა თუ იმ განცხადებას. ამასთან დაკავშირებით ევროკომისიასთანაც გვაქვს დიალოგი და მათთვისაც ცნობილია ეს პოზიცია. ზოგადად, ევროკომისიის განცხადებების რაოდენობამ იმატა. ასევე, არის მათ შორის ქვეყნები, არ დავასახელებ, გეოგრაფიულად ჩვენგან მოშორებული ქვეყნები, რომლის მიმართაც ჩვენ რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური დამოკიდებულება არ გვაქვს, თუმცა ჩვენ არ ვუერთდებით ხოლმე ასეთი სახის ინსტრუმენტებს და განცხადებებს, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ჩვენ ვერ შევწირავთ ამ დროს განცხადებების შეერთების გზით თავს. ჩვენ ვუფრთხილდებით ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, ოღონდ ამან არ უნდა გამოიწვიოს მათი მხრიდან კონტრნაბიჯის სახით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ იმართება, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება.
ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებაც ესწრება. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს.