სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის ორგანიზებით, სახალხო დამცველის აპარატისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო.
ორი დღის განმავლობაში სუს ადმინისტრაციისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორებმა, კონტრტერორისტული ცენტრისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე, ტერორიზმსა და მასთან ბრძოლაზე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე.
ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატის, მისი ფუნქციონირებისა და განხორციელებული სამუშაოს შესახებ. დასასრულს გაიმართა დისკუსია. სუს-ის სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხეს, ასევე განიხილეს ცალკეული შემთხვევები.