რუსული ბანკი Unistream-ი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოსარიცხად გამოიყენებოდა, ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცა. ამჟამად, Unistream-ის გამოყენებით საქართველოში თანხის გამოგზავნა შეუძლებელია. ცნობისთვის, სწორედ ეს კომპანია ფლობს გზავნილების სისტემას Unistream-ი, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემებს შორის Unistream-ი ლიდერია. კერძოდ, 2023 წლის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გადმოირიცხა დაახლოებით 353 მილიონი დოლარი, საიდანაც ყველაზე მეტი, სწორედ Unistream-ით ჩაირიცხა. წლის პირველ ნახევარშიც გზავნილების სისტემებს შორის Unistream-ი ლიდერობდა, რომლის მეშვობითაც საქართველოში იანვარ-ივნისში 762 მილიონ დოლარზე მეტია გადმორიცხული. ცნობისთვის, Unistream-ის გამოყენება უკვე ყველა ქართულმა ბანკმა შეზღუდა. ამ სისტემის გამოყენებით გზავნილების მიღება შეაჩერეს ასევე ბანკებმა სომხეთსა და ყირგიზეთში.