მსოფლიოში ნავთობი ძვირდება. ფასები, ამჟამად, 3-თვიან მაქსიმუმზეა, რასაც მიწოდების შემცირება, აშშ-ში ბენზინზე მოთხოვნის ზრდა და ჩინეთში მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირების გეგმები განაპირობებს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთში მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნელი ტემპით მოიმატა, შიდა და გარე მოთხოვნა შემცირდა და ახალი ზომების მიღების საჭიროება გაჩნდა. აშშ-ში მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო კი ბენზინის ფიუჩერსები გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 25 ივლისის დილისთვის Brent-ის ნედლი ნავთობი 83 დოლარი ღირს, რაც ერთი კვირის განმავლობაში 4.2%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ტეხასურ ნედლ ნავთობს, ის ერთ კვირაში 4.7%-ით, ხოლო ერთ თვეში 12.7%-ითაა გაძვირებული. იზრდება რუსული Urals-ის ღირებულებაც და 63.6 დოლარმდეა, რაც ერთ თვეში თითქმის 8 დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია და აჭარბებს დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ 60-დოლარიან ფასის ჭერს. ნავთობის წარმოება უკვე შეამცირა რუსეთმა დღეში 500 000 ბარელით და მოსალოდნელია, რომ 3 აგვიტოს, OPEC-ისა და მისი მოკავშირეების შეხვედრაზეც მიწოდების შემცირების გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღსანიშნია, რომ ევროზონაში ივლისში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, აშშ-ში კი 5-თვიან მინიმუმზეა, რამაც, შესაძლოა, ფედერალურ რეზერვსა და ევროპის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების ზრდისკენ კიდევ ერთხელ უბიძგოს. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეკონომიკურ აქტივობას ზღუდავს და ინფლაციის მოთოკვის საშუალებაა, აქტივობის შეზღუდვა კი, თავის მხრივ, ნავთობზე მოთხოვნის რაოდენობას ამცირებს და ფასების კლებასაც იწვევს.