ფრანგული მედიის ცნობით, გიორგი მიქაუტაძის შეძენის სურვილი კიდევ ერთმა პრემიერლიგურმა კლუბმა გამოთქვა, ეს გუნდი არის შეფილდ იუნაიტედი.
ევროპულ მედიაში წერენ, რომ მიქაუტაძის დამატება ლიონსაც სურს, თუმცა საქმეში მხოლოდ საკმაოდ შეძლებული კლუბები თუ ჩაერთვებიან, რადგან მეცი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, ნაკლებზე კი უარს აცხადებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეფილდ იუნაიტედმა მეცს მიქაუტაძეში ყველაზე სარფიანი წინადადება შესთავაზა - საუბარია 18 მილიონი ევროზე, რასაც ბონუსებიც დაემატება.
ინგლისური კლუბებიდან მიქაუტაძის შეძენა ყველაზე მეტად ვენსან კომპანის ბარნლის სურდა, თუმცა მეცმა მიქაუტაძის გაყიდვა 15 მილიონად არ ისურვა და ბარნლიმაც სხვა შემტევები დაიმატა.
შეგახსენებთ, შეფილდ იუნაიტედმა ჩემპიონშიპში მე-2 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგაში დაბრუნდა. გიორგი მიქაუტაძემ კი ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა, რითაც მეცს ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარა. მიქაუტაძე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ასევე საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.