ძალიან მალე ცნობილი იქნება პასუხი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე აქტუალურ შეკითხვაზე - სად ითამაშებს მომდევნო სეზონში კილიან მბაპე?
პსჟ-მ მბაპე იაპონური ტურნეს მიღმა დატოვა და ტრანსფერზე დააყენა. პარიზელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მბაპემ უარი თქვა კონტრაქტის განახლებაზე, ნასერ ალ-ხელაიფის კი მომდევნო წელს მთავარი ვარსკვლავის უფასოდ დაკარგვა არ უნდა და ამიტომაც ცდილობს, რომ ახლა მისმა გუნდმა მბაპეს სანაცვლოდ ფული მიიღოს.
კილიანს ყველაზე ხშირად მადრიდის რეალს უკავშირებენ, გაიჟღერა არსენალის ვარიანტმაც, მაგრამ საქმეში ალ-ჰილალიც ჩაერთო. გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, რომ საუდელებმა პსჟ-ს 24 წლის ფეხბურთელში 300 მილიონი ევრო შესთავაზეს. ჯერჯერობით, არაბებს მბაპეს გარემოცვასთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ დაუწყიათ, თუმცა, მედიაში დაიწერა, რომ მზად არიან, მას სეზონში 700 მილიონი ევრო გადაუხადონ. ასევე გუშინ გავლენიანმა „სქაი სპორტსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარიზული კლუბი ალ ჰილალის 300-მილიონიან შემოთავაზებას დათანხმდა. ამჯერად, საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. მეორე მხრივ, ფაბრიციო რომანო იმასაც წერს, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია მბაპესა და მადრიდის რეალს შორის პირადი კონტრაქტის შეთანხმებაზე. მბაპემ თავის მომავალზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს.