ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, დიდ ფარმაცევტულ ქსელებს მორიგ არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ადანაშაულებს. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია. მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია საწყობებში არსებულ ნაშთებს არ დაემთხვა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათი წევრი კომპანიების მისამართით გამოთქმული ბრალდებები სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ არის მიმართული. ის, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება ბაზარზე დეფიციტს შექმნიდა, ამაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.