ბერძნული და იტალიური მედია აქტიურად წერდა, რომ ვირტუსიდან პანათინაიკოსში თორნიკე შენგელიას ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე საათებიღა რჩებაო, თუმცა ბოლონიის კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ განაცხადა, რომ 31 წლის ქართველი ფორვარდის სხვა კლუბში გადასვლა არცკი განიხილება და ის მომავალ სეზონშიც ვირტუსში ითამაშებს.
"თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით გვსურს დავაზუსტოთ, რომ ეს მოთამაშე არ იყიდება და არც მისი ტრანსფერი განხილულა სხვა რომელიმე კლუბთან. ვადასტურებთ, რომ თოკო, მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში, მომავალ სეზონშიც ვირტუს ბოლონიას გუნდის ნაწილი იქნება", - აქვეყნებს ბარალდის სიტყვებს ვირტუსის ოფიციალური საიტი.
მანამდე დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტნის ტრანსფერით ბერძნული გრანდის მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი იყო დაინტერესებული და თოკო ათენელთა შეთავაზებას დათანხმდა კიდეც. გავრცელებული ინფორმაციით, პანათინაიკოსი შენგელიას 2-წლიან კონტრაქტს, ხელფასად კი 4 მილიონ ევროს დაპირდა, ტრანსფერის ბოლომდე მისაყვანად კი ვირტუსის თანხმობაღა იყო საჭირო. სხვათა შორის, ქართველი ფორვარდით, პანათინაიკოსის გარდა, სერბული ცრვენა ზვეზდაც ინტერესდებოდა.
თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ღირსებას 2022 წლის გაზაფხულიდან იცავს, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ გადავიდა. ქართველმა კალათბურთელმა იტალიურ კლუბთან ახალი ხელშეკრულება იმავე წლის სექტემბერში, 2+1 სისტემით გააფორმა.
თორნიკე შენგელიას, იტალიური ვირტუსისა და რუსული ცსკა-ს გარდა, კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია NBA-ს კლუბებში: ბრუკლინ ნეტსსა და ჩიკაგო ბულსში, ესპანურ ვალენსიასა და ბასკონიაში, ბელგიურ შარლერუასა და პეპინსტერში.