კამპანიის „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის შემდეგ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტუმრებმა ბანაკში მყოფ მოზარდებს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის პრევენციისთვის სამართალდამცველებთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.
„შეხვედრის მიზანია მოზარდებში დანაშაულის პრევენცია, ცნობიერების ამაღლება, როგორც საგზაო, სახანძრო, ასევე სამოქალაქო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით.
ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.