რუსეთი ოდესის ოლქში ტერორს აგრძელებს, წუხელ მტერი ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
„მტერი აგრძელებს ტერორს და ეს ტერორი უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან. ღამით მტერი ოდესის ოლქში თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურებას შეეცადა“, - აღნიშნა ჰუმენიუკმა.
მისი ინფორმაციით, რუსებმა მარცვლეულის ტერმინალებს „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ეს ოდესის ოლქზე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული მეოთხე თავდასხმაა. მან დაადასტურა, რომ თავდასხმა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებზე მოხდა და 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი განადგურდა.