კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციოს განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ბათუმური მატჩი გია გეგუჩაძის გუნდის აქტიურობით დაიწყო, თუმცა ტაიმის მეორე ნახევარში სტუმრებმა პირველი გააზრებული შეტევა გოლად აქციეს. 28-ე წუთზე რეჯი ლუშკამ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.გეგუჩაძემ მეორე ტაიმი ცვლილებით დაიწყო. მოედანზე ბიძინაშვილის ნაცვლად მათე ვაწაძე გამოჩნდა და „დინამო“ კლასიკური ცხრიანით შეტევაზე გადავიდა. „დინამომ“ მომენტების შექმნა დაიწყო. 64-ე წუთზე გიორგი ზარიამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა. ბურთი ხარიხას მოხვდა.
78-ე წუთზე გიორბელიძემ უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი მარტივ სიტუაციაში დაკარგა, რასაც სტუმრების მეორე გოლი მოჰყვა.
90-ე წუთზე ბათუმელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს. ცვლილებაზე შემოსულმა თორნიკე კაპანაძემ საჯარიმოში ყველას დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა.
არბიტრმა შეხვედრას 8 წუთი დაამატა, თუმცა „დინამომ“ მეტად მომენტების შექმნა ვეღარ შეძლო. ალბანელებმა კი უფრო გუნდური ფეხბურთი აჩვენეს და დამსახურებულადაც მოიგეს.