"სამართლიანი არჩევნები" სასამართლოში სკოლის დირექტორობის მსურველი 27 პირის ინტერესებს დაიცავს, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნულ პოსტზე, უსამართლოდ არ აირჩიეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დირექტორობის მსურველთა ნაწილი ამბობს, რომ ტესტირებაში მაღალი ქულები ჰქონდათ, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვები არ არსებობს.
ნინო დოლიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, თავად დირექტორები პოლიტიკურ ნიშანზე ნაკლებად საუბრობენ.
"იცით, რომ ვაკანტური იყო დირექტორების პოზიციები და გამოცხადდა კონკურსი. ჯერ იყო სერტიფიცირების ეტაპი და შემდეგ გასაუბრება. დირექტორების ნაწილი, რომლებმაც სერტიფიცირების ეტაპი გაიარეს, თუმცა გასაუბრების შემდეგ ვეღარ გადავიდნენ, ჩვენთან მოვიდა და საუბრობს, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ნაწილი ამბობს, რომ მათ ჰქონდათ მაღალი ქულები ტესტირებაში, ნაწილი ამბობს, რომ მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვები არ არსებობს, ზოგიერთი მათგანი ყოფილი დირექტორიც არის და ისინი თვლიან, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული სამინისტროს მხრიდან, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. კრიტერიუმები არ არის სათანადოდ მკვეთრი და ვერ ხვდებიან, რის გამო არ იქნენ არჩეული. შესაბამისად, იმიტომ რომ ჩვენც დავინახეთ ასეთი არსებითი ტიპის ხარვეზები, 27 კონკურსანტის უფლებებს დავიცავთ სასამართლოში", - განაცხადა ნინო დოლიძემ.