მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოს მთავარი ექსპორტიორი სომხეთია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მეზობელ ქვეყანაში ექსპორტი წლიურად 121.7%-ით გაიზარდა და 440 მლნ დოლარს გადააჭარბა. როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, ძირითადი პროდუქტი, რომლითაც სომხეთთან ვვაჭრობთ სხვადასხვა ტიპის ავტომობილები და სატრანსპორტო საშუალებებია. მნიშვნელოვნად მცირეა მინერალური და გაზიანი წყლების ექსპორტი და ჯამში წლის პირველ ნახევარში 6 მილიონ დოლარს ვერ აღწევს. მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში, სანქციებისა თუ სხვა გარემოებების გამო, იმპორტიორებმა დასავლეთიდან სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების შეტანის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ სომხეთს ხშირად ასახელებენ სანქციებისგან თავის არიდებაში შესაძლო დამხმარე რგოლად. Financial Times-მა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტის სქემა დეტალურად გაშიფრა. გამოცემა წერს, რომ ექსპორტი 200-ჯერ გაიზარდა, ხოლო ავტომობილების უმეტესობა, რომელიც რუსეთში სომხეთიდან შედის, მანამდე აშშ-დან საქართველოში ფოთის პორტით ჩადის.