საქართველოში რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის იმპორტი ფაქტობრივად განახევრდა, რაც რეგულაციების ეფექტით აიხსნება. კერძოდ, საქსტატის ცნობით, გასულ თვეში საქართველოში 3 მილიონ 517 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 მილიონ 500 ათას დოლარს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ იმპორტის ძირითადი წილი - 94.7% რუსეთზე მოდიოდა. შედარებით მცირე რაოდენობით ფქვილი შემოვიტანეთ თურქეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისიდან ქვეყანაში ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი დაწესდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობისგან ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები დიდი ხანია ითხოვდნენ. მიზეზად კი, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადია, რაც მათივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნიდა.