საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი, ამჯერად სერიოზული მსურველი გამოუჩნდა. ვირტუს ბოლონიას 31 წლის ფორვარდი, რომლის სერბულ ცრვენა ზვეზდაში შესაძლო ტრანსფერზე ბოლო დროს ხშირად იწერება, ბერძნულ პანათინაიკოსსაც აინტერესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Eurohoops ავრცელებს.
პანათინაიკოსი აგრძელებს შემადგენლობის დაკომპლექტებას, თორნიკე შენგელია კი ფორვარდის პოზიციაზე სიის სათავეშია. Eurohoops-ის ინფორმაციით, პანათინაიკოსს აქვს კონტაქტი მოთამაშის გარემოცვასთან. ეს ინტერესი შესაძლოა რეალობად იქცეს იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდოდ, ვირტუსს გაუჭირდება მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული დაახლოებით 2 მილიონი ევროს გადახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და კარგი პირი უჩანს.
შენგელიათი დაინტერესებულნი არამხოლოდ ბერძნები არიან. ქართველი დუშკო ივანოვიჩის გაწვრთნილი ცრვენა ზვეზდას სამიზნეშიცაა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუკი პარტიზანი ნიკოლა მიროტიჩს დაიმატებს, უმალ შეუდგება ტრანსფერის განხორციელებას.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ღირსებას 2022 წლიდან იცავს, სადაც მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანს კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია NBA-ს კლუბებში: ბრუკლინ ნეტსსა და ჩიკაგო ბულსში, ვალენსიაში, შარლერუაში, პეპინსტერსა და ბასკონიაში.