საქართველოს ჩემპიონმა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში გამოსვლა ისევ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. დინამო თბილისმა ყაზახურ ასტანასთან სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ, საკუთარ მოედანზე ვერ შეძლო უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება და ორწუთიან მონაკვეთში მიღებული გოლებით დამარცხდა - 2:3 ორი მატჩის ჯამში.
ფაქტია, ქართული კლუბებისთვის ევროთასებზე ყაზახური ბარიერი ისევ გადაულახავი რჩება (9-იდან 8 შემთხვევაში). მთავარ ტურნირში გამოსვლას ასტანა აგრძელებს, დინამო თბილისი კი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის ჰამრუნს შეხვდება.
გიორგი ჭიაბრიშვილმა საპასუხო თამაშისთვის სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა. დინამოს ანრი მექვაბიშვილი დაუბრუნდა, რომელსაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გაუცდა. ანრი სასატარტოში გამოჩნდა, სათადარიგოთა შორის კი გადაინაცვლა გაბრიელ სიგუამ, რომელიც ასტანაში გამართულ შეხვედრაში გოლით გამოირჩა. დავით კობოურის ნაცლად ამჯერად ძირითადში ადგილი ალექსანდრე კალანდაძემ დაიკავა.
"დინამო არენაზე" პირველი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გიორგი ხარაიშვილმა მე-19 წუთზე შექმნა, რომლის საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ასტანას მეკარემ კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია. მაგრამ სამი წუთის შემდეგ ანგარიში მაინც გაიხსნა.
საქართველოს ჩემპიონები წინ იმრანის ბრწყინვალე პასისა და უსმანე კამარას ზუსტი დარტყმით გავიდნენ. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გვინეელმა შემტევმა კამარამ იოსიპ ჩონდრიჩს შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა - 1:0.
შესვენებამდე ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ორჯერ კამარა-სხირტლაძის წყვილს ჰქონდა, თუმცა ასტანის მცველებმა ორივე ჯერზე მოახერხეს ბოლო პასის ჩაჭრა.
მეორე ტაიმი ხარაიშვილის ძალიან რეალური მომენტით განახლდა, რის შემდგაც ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა ყაზახების კარს. ამის შემდეგ კი იყო ის ორწუთიანი ეპიზოდი, რომელმაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი და მისი გულშემატკივარი შოკში ჩააგდო. ლორიას კარში ჯერ ასტანას კაპიტანმა აბზალ ბეისებეკოვმა გაიტანა, შემდეგ - გამბიელმა ფორვარდმა დემბო დარბომ - 1:2.
დინამო თბილისმა ბოლო 25 წუთი იერიშებში გაატარა, ასტანამ კი დიდი ძალებით საუკუთარი კარის უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა და ეს გამოუვიდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ გათანაბრების შანსი ჰქონდა ჯერ იმრანს, შემდეგ კი - სიგუას, საბა ხვადაგიანის თავურის შემდეგ კი სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა.
საბოლოოდ, ყაზახეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც მეტოქედ ზაგრების დინამო ჰყავს. საქართველოს ჩემპიონისთვის კი ევროსეზონი კონფერენსლიგაში გაგრძელდება.