თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო".
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა მორიგ ჯერზე იცრუა, რაც მიზნად უკრაინელებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად, ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა,“ - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.