ასობით მომიტინგე, რომელიც შვედეთში ყურანის მოსალოდნელ დაწვას აპროტესტებდა, ბაღდადში, შვედეთის საელჩოში შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აქციია შიიტი სასულიერო პირის, მუქტადა სადრის მხარდამჭერების ორგანიზებით გაიმართა და მისი მონაწილეები შვედეთში ყურანის დაწვის გეგმას აპროტესტებდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, თავდსახმის შედეგად საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
შვედურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოს წინ საჯარო შეხვედრის ჩატარების თხოვნის შესახებ განაცხადი დააკმაყოფილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ განმცხადებელი ყურანისა და ერაყის დროშის დაწვას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებს და რომ ერთ-ერთი ის მამაკაცია, რომელმაც ივნისში, სტოკჰოლში მეჩეთის წინ ყურანი დაწვა. მაშინ ამ ფაქტს ბაღდადში, შვედეთის საელჩოს წინ ორი დიდი საპროტესტო აქცია მოჰყვა. ქმედება გააპროტესტეს რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის, მათ შორის ერაყის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიასა და მაროკოს მთავრობებმა. ერაყმა კი იმ მამაკაცის ექსტრადაცია მოითხოვა, რომელმაც ყურანი დაწვა.