სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი იოჰანესბურგში დაგეგმილ „ბრიკსის“ სამიტს არ დაესწრება. მის ნაცვლად, დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინი სამიტს შეთანხმებული გადაწყვეტილებით, არ დაესწრება. მანამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაციაც, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით მიმართა, ქვეყნისთვის უფლება მიეცათ, იოჰანესბურგში ჩასვლის შემთხვევაში პუტინი არ დაეპატიმრებინათ, რადგანც ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთს არ უთქვამს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის, რომ პუტინის დაკავება ომის გამოცხადება იქნებოდა, თუმცა, როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რისი ნიშანი იქნებოდა პუტინის დაპატიმრება, ყველა უთქმელად მიხვდა.