რა თქმა უნდა, ლიტერატურულ მაძებრებს შერლოკ ჰოლმსს, ჟიულ მეგრესა და ერკულ პუაროს ყველა კარგად იცნობს, ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ ოგიუსტ დიუპენი და მისს მარპლი, თუმცა, 1920-იანი წლების დეტექტივების მთავარი გმირი ნატ პინკერტონი თითქმის არავის ახსოვს, არადა, ‘’ლიტერატურული კოლეგების’’ უმეტესობისგან განსხვავებით, სწორედ მას ჰყავდა რეალური პროტოტიპი - ალან პინკერტონი, რომელმაც გახელილი თვალის ემბლემითა და დევიზით ‘’ჩვენ არასდროს გვძინავს’’ შექმნა პირველი კერძო დეტექტიური სააგენტო და მანვე ჩაუყარა საფუძველი შეერთებული შტატების სამძებრო საქმეს.
თუმცა, ისტორიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ პინკერტონის მოღვაწეობას, რადგან ნაწილი მას საზრიან და გონებამახვილ ლიდერად მიიჩნევს, რომელმაც მამაცი და გამბედავი ახალგაზრდების წყალობით განავითარა საკუთარი სააგენტო, ნაწილი კი, პირიქით, გაიძვერა თაღლითად ახასიათებს, რომელმაც იშვიათ არამზადებს მოუყარა თავი და სწორედ მათგან შექმნა სისასტიკით ცნობილი რაზმი, რომელიც მხოლოდ საკუთარ სარგებელსა და კეთილდღეობაზე ზრუნავდა.