თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 25 ივლისიდან დაიწყება.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, აღნიშნულ ეტაპზე, 7500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნება 2-დან 6 წლამდე ნებისმიერი ასაკის ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს. როგორც იცით, წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა უზრუნველყო რეგისტრაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვა. წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. დარეგისტრირდა 2621 აღსაზრდელი და მოთხოვნა სრულად არის დაკმაყოფილებული. 17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ეტაპიც წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია 5 ათასამდე აღსაზრდელი. თბილისში რეგისტრირებული ბავშვების მოთხოვნაც ასევე სრულად იქნება დაკმაყოფილებული. 25 ივლისიდან კი დაიწყება მესამე ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია, აღნიშნულ ეტაპზე, 7500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ნებისმიერი ასაკის ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს“, - განაცხადა კალაძემ.