მიმდინარე წლის 6 თვეში, საქართველოდან უცხოეთში $3 მილიარდის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, ეს კი წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს, რამაც წლის პირველ ნახევარში 990 მილიონ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომელთა ექსპორტიც შემცირებულია, სანაცვლოდ კი გაზრდილია ღვინის, სპირტიანი სასმელების, და მინერალური წყლების ექსპორტი. საინტერესოა თუ რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი. ანგარიშის თანახმად, ეს სომხეთია, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი რუსეთია. რაც შეეხება ევროკავშირს, ექსპორტი შემცირებულია. კერძოდ, თუ შარშან, წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში 432 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტმა $398 მილიონი დოლარი შეადგინა.