დღეს, 19 ივლისს, 20:00 საათზე თბილისის დინამო ყაზახეთის „ასტანას“ დაუპირისპირდება. ყაზახურმა გუნდმა „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის მზადება დაასრულა. „ასტანა“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დაბინავდა.დინამო თბილისს შანსი აქვს, ყაზახურ კლუბებთან ქართული კლუბების წარუმატებელ სერიას ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაუსვას. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ასტანაში არ წააგო (1:1), რაც კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ - იმის მიუხედავად, რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესი წესი აღარ მოქმედებს.
დინამო თბილისს დაუბრუნდა ანრი მექვაბიშვილი, რომელსაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გაუცდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბოლო დღეებია ვარჯიშობს და წესით უნდა ითამაშოს. ასევე დაბრუნდა ზორან მარუშიჩიც, რაც დინამოს მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. სამაგიეროდ, ისევ ლაზარეთში რჩება თორნიკე კირკიტაძე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, „ასტანა არენაზე“ გამართული პირველი დაპირისპირება გუნდებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი „დინამო არენაზე“ ოთხშაბათს, 19 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ ითამაშებს. დამარცხებული კი ევროთასებს არ დაემშვიდობება და კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას მაკაბისა და მალტის ჰამრუნის წყვილში დამარცხებულს შეხვდება