ბელგიის მიერ პარტნიორი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღებას ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ბელგიის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსების გამოხმაურებაც მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა ბელგიასთან ერთად სხვა სახელმწიფოებმაც მიიღონ. ხელისუფლება კი ოპონენტების პოზიციას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ბელგიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ოპოზიცია მორიგი სპეკულაციისთვის იყენებს.