სასტუმრო "პულმან თბილისი აქსის თაუერსში" საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ყრილობა გაიმართა, რომელსაც 400 ფარმაცევტი დელეგატი დაესწრო, თუმცა ფარმაცევტული დარგის მიმდინარე გამოწვევებისა და პრობლემების გამო, ყრილობის მიმდინარეობაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 700-ს მიაღწია. ღონისძიებაზე იმსჯელეს ფარმაცევტული დარგის და პროფესია ფარმაცევტის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ. ასოციაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს გავლილი პერიოდის განმავლობაში ასოციაციის საქმიანობა გააცნო; დამსწრეთა წინაშე ასევე წარსდგნენ ახალი გამგეობის წევრობის კანდიდატები. ფარმაცევტთა ასოციაციის წესდების თანახმად, ახალი გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. არჩეულმა გამგეობამ, პრეზიდენტად მეორე ვადით ლევან გოგიბერიძე აირჩია.