სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში - მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელმა ექიმის ქცევის მიზეზებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი ვერ გასცა.
მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სხვა ექიმების შესვლასთან იყოს დაკავშირებული, ამიერიდან სამინისტროს მხრიდან ბევრად უფრო დეტალურად იქნება განხილული.
„მე რომ მდომოდა ამის შესახებ საუბარი და მნდომოდა, რომ ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე გამხდარიყო საჯარო, მაშინ ჩვენ ვაჩვენებდით კადრებს, ამის არავითარი პრობლემა არ არის. აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ბევრ დეტალზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, თუმცა რაც ვთქვი, იმას აუცილებლად გავიმეორებ, რომ ამ კონკრეტულმა პოლონელმა ექიმმა ნამდვილად დაადასტურა ის, რომ წინდის მეშვეობით ცდილობდა მსჯავრდებული სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას. არ მინდა დეტალებზე საუბარი, რა სახის ნიმუში იყო, რადგან ეს იყო სამედიცინო პროცედურა და არ მინდა, დეტალებში არ შევალ, თუმცა, რა შეიძლებოდა, განთავსებულიყო ხელსახოცში და ჩატეულიყო წინდაში, ალბათ უჩემოდაც მიხვდებით. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ.
ჩვენ დავრჩით ჩვენს მიერ გაცემული პირობის ერთგული, თუმცა მეორე მხრიდან, სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში და შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს სხვა ექიმების შესვლასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ბევრად უფრო დეტალურად იქნება ამიერიდან განხილული.
ამ კონკრეტულ ექიმს რაც შეეხება, თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის საელჩოდან მიეღოთ ინფორმაცია. როგორც იცით, დღეს იმყოფებოდა საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამინისტროში და შემდგომში როგორც საზოგადოებისთვის უკვე არის ცნობილი, პოლონელი დიპლომატი არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის პოლონელი ექიმის მსგავს ქცევას.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის არ ყოფნის გამო იმყოფებოდა სხვა დიპლომატი, ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა და სწორედ, ამ დიპლომატმა განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ. მას არ უთქვამს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რა თქმა უნდა, იცოდნენ ჩვენ მივაწოდეთ მათ ინფორმაცია, თუმცა მიზეზებთან დაკავშირებით მან ვერ გასცა ამომწურავი პასუხი.
ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, ჩვენ გვჭირდება ახსნა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ექიმის ამგვარი ქცევა. აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალს მინდა გავუსვა ხაზი - ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, მათ შორის, ამ ადამიანის უსაფრთხოებაზე და როდესაც საუბრობენ, რომ იქნება ადამიანს, რაიმე შემოტანილი ჰქონდა წინდის მეშვეობით, მაშინ არ ჩნდება კითხვის ნიშნები რა მიზნით ჰქონდა შემოტანილი?! აქვე გეტყვით, რომ ამ ადამიანს არაფერი ჰქონია შემოტანილი წინდის მეშვეობით, ის უბრალოდ ცდილობდა წინდის მეშვეობით მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის გატანას. ამ პროცესში რა თქმა უნდა გაგვიჩნდა სერიოზული კითხვის ნიშნები პოლონელი ექიმების მიმართ, მათი ქმედების მოტივაციის შესახებ და ვართ დაინტერესებული, რომ მივიღოთ მათგან ამომწურავი პასუხები, რაც არ მიგვიღია. რაც შეეხება პოლონელი ექიმის მიცემულ ახსნა-განმარტებას - ის არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. ვერსია შეიძლება იყოს მრავალი, მაგრამ მე მინდა შევიკავო თავი, რადგან არ მიეცეს სპეკულაციას ფართო გასაქანი, ჩვენ მივმართეთ საელჩოს და ვერ მივიღეთ დაზუსტებული პასუხი და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული კითხვის ნიშნები და ეს შესაძლებელია ყოფილიყო სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოყენებული“, - განაცხადა ბრეგვაძემ
შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.