ყირიმის ხიდზე ღამით მომხდარი ინციდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგია, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ხიდზე თავდასხმა დრონების დახმარებით განხორციელდა. ხიდამდე მისვლა რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს შესაძლებელი გახდა”, - განაცხადა ანონიმურმა წყარომ RBC-Ukraine-თან საუბარში.
შეგახსენებთ, ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა “საგანგებო ინციდენტის” გამო შეჩერებულია. ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი ქალიშვილი კი დაშავდა.