პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი მიწვეული გუნდის სტატუსით 2023-2024 წლების ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაებმება. დღეს ოფიციალურად დაადასტურა ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR), რომელიც ორი მსხვილი საკლუბო ტურნირის – ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ორგანიზატორია. ირკვევა ისიც, რომ შეჯიბრის მე-2 მიწვეული გუნდი სამხრეთაფრიკული ჩიტაზი იქნება.
‘შავი ლომის’ გამოცდილი მორაგბეები – მერაბ შარიქაძე და შალვა მამუკაშვილი ჩელენჯ თასში ჩართვის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მას ქართული რაგბის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ.
გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ეს არის შესანიშნავი შანსი ქართველი გულშემატკივრისთვის, თბილისში იხილოს ევროპის და მსოფლიოს უძლიერესი კლუბები:„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. წლების განმავლობაში რაღაცას რომ ითხოვ და მოგეცემა, მერე თავი უნდა გამოიჩინო. ჯერ წინ მსოფლიო თასი გველის და სრულად მასზე ვართ კონცენტრირებული, მერე კი ჩელენჯ თასისთვის მოვემზადებით და დარწმუნებული ვარ ღირსეულად წარვდგებით. ყველაზე სასიხარული კი ისაა, რომ პრეცედენტი შედგა – ქართულმა რაგბმა ამაყად შეაბიჯა ევროპულ რაგბში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ტურნირზე მოტამაშე ყველა გუნდი სახელოვანია და ‘გლოსთერისა’ და ‘კლერმონის’ თბილისში სტუმრობა ქართული რაგბს ქომაგისთვისაც უდიდესი ბედნიერებაა“.
შალვა მამუკაშვილს EPCR-ის ტურნირებში – ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასში ინგლისური ‘სეილ შარქსის’, შოტლანდიური ‘გლაზგოს’, ფრანგული ‘მონპელიესა’ და რუსული ‘ენისეის’ რიგებში უთამაშია. ის ბედნიერია, რომ ახლა ამის შესაძლებლობა ქართული კლუბის სახელით ექნება:„ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, პირველი ქართული ფრენჩაიზი თამაშს ჩელენჯ თასზე გააგრძელებს და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული რაგბისთვის. პირადად ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა, რადგან არ მეგონე კარიერის დასრულებამდე ქართული კლუბის შემადგენლობაში თუ ვითამაშებდი ასეთი მაღალი დონის ევროტურნირს, ახლა კი ეს რეალურია. ჩელენჯ თასი იგივე ტესტ-რაგბია, იგივე დონის თამაშებია სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს შორის და ძალიან წაადგება ეროვნულ ნაკრებს, რომლის 50%-ს ‘შავი ლომის’ მოთამაშეები შეადგენენ“.
შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ითამაშებს და ‘გლოსთერს’ (9 დეკემბერს) და ‘კლერმონს’ (20 იანვარს) „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება, ‘სქარლეთსა’ (15 დეკემბერს) და ‘კასტრს’ (13 იანვარს) კი სტუმრად ეთამაშება. ჩელენჯ ქაფის თითოეულ გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს – ორის შინ და ორის - სტუმრად, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი ოთხი საუკეთესო პლეი ოფში გავა.
წილისყრით გაირკვა, რომ მე-3 ჯგუფში შავ ლომს შოტლანდიურ ედინბურგთან თამაში არ მოუწევს, დანარჩენი მატჩების განრიგი კი ასე გამოიყურება: 15 დეკემბერს, უელსში, სკარლეტსთან, უკვე გაისად, 13 იანვარს, საფრანგეთში, კასტრთან და 20 იანვარს, თბილისს, კიდევ ერთ ფრანგულ გრანდ კლერმონთან.