საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.
მინისტრი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან.
განცხადებას ბრეგაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მსჯავრდებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგანაღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოყვა.
ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით, ვიხილეთ ექიმის მიერ, ყველა წესის დარღვევით, მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა. საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით, გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან.დაველოდოთ ოფიციალურ განმარტებას", - წერს მინისტრი "ფეისბუქზე".