ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა, - ამის შესახებ, Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების განმარტებით, წვრთნების მიზანი "სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა".
როგორც მედია წერს, წვრთნები კოდური სახელწოდებით „ჩრდილოეთი/ინტერაქცია-2023“, ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ფლოტილამ, რომელიც ხუთი ხომალდისგან და ოთხი შვეულმფრენისგან შედგება, დატოვა ცინგდაოს აღმოსავლეთი პორტი და შეხვდება რუსულ ძალებს "წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე".
უწყების ცნობით, რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში, რომელიც იაპონიის ზღვაში გაიმართება.
ჩინური სახელმწიფო გამოცემა, Global Times-ი წერს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები წვრთნებში ჩინეთთან ერთად ჩაერთვება.