ჰოლივუდის მსახიობების გაფიცვა, შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს. BBC-ის ინფორმაციით, სცენარისტების მასშტაბურ გაფიცვას ათასობით მსახიობი შეუერთდა. მსგავსი მასშტაბის გაფიცვა ჰოლივუდში ბოლო ექვსი ათეული წლის განმავლობაში არ მომხდარა.
საბაზისო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, ამერიკის მწერალთა გილდიას კინომსახიობთა გაერთიანება შეუერთდა. ისინი ასევე ითხოვენ გარანტიებს, რომ მათ სამუშაოებს ხელოვნური ინტელექტი არ ჩაანაცვლებს. მსახიობები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელი გახდება მათი ხმებისა და სახეების ჩანაცვლება.
წითელი ხალიჩის პრემიერები, სარეკლამო ინტერვიუები და ღონისძიებები, მათ შორის, Emmys, უკვე შეჩერებულია. მედიის ცნობით, გაფიცვები, სავარაუდოდ, დიდ დარტყმას მიაყენებს ინდუსტრიას, გამოიწვევს მრავალი წარმოების შეჩერებას შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ.