იტალიის ჩემპიონმა ნაპოლიმ ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო. ნეაპოლელთა ახალმა მთავარნა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფეხბურთელები კომანის ბაზაზე შეკრიბა, სამედიცინო და ფიზიკური ტესტები გაატარა და მსუბუქად ავარჯიშა კიდეც, დღეიდან კი გუნდი დიმაროში გადაინაცვლებს, სადაც 25 ივლისამდე მზადების პირველ ეტაპს გაივლის.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შვებულებას ჯერ კიდევ აგრძელებენ ნაპოლის ლიდერები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, რომლებიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.
"ნაპოლიმ მზადება დაიწყო, მაგრამ გასული სეზონის მთავარი გმირი ქალაქში ჯერ კიდევ არ ჩამოსულა. სხვებთან ერთად, კვარას ელოდება რუდი გარსიაც, რომელსაც ერთი სული აქვს, შეხვდეს მას და… ავარჯიშოს. ხვიჩაც მზადაა შრომისთვის, თუმცა მომქანცველი და ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, დამსახურებული შვებულების ბოლო საათებით ტკბება”, - წერს ნეაპოლური მედია.
როგორც ირკვევა, ხვიჩა კვარაცხელიას დიმაროში 19-20 ივლისისთვის ელოდებიან, სადაც პირდაპირ ფრანგული რივიერადან ჩავა. ცნობილია, რომ ნაპოლი პირველ საკონტროლო მატჩს 20 ივლისს ჩაატარებს - სამოყვარულო ანაუნესთან, თუმცა მიიღებს თუ არა მასში 22 წლის ქართველი ვარსკვლავი მონაწილეობას, უცნობა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი პირველსავე სეზონში გახდა, ხოლო ნაპოლიმ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო. რუდი გარსიას გუნდი იტალიის 2023/24 წლების სეზონს 19 აგვისტოს, გიორგი კვერნაძის ფროზინონესთან გასვლითი მატჩით დაიწყებს.