საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ბოლო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გამოასწორეს და უმცროს ოლ ბლექსთან მაგარი რაგბი ითამაშეს, თუმცა დამარცხდნენ.
ახალზელანდიელებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო, საქართველოს მეტოქე 30 წუთში 29:0-ს იგებდა: ტანგიტაუმ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო ლელო სთოდარტის, ლაკაისა და ჰოთჰემის ანგარიშზე იყო.
საქართველომ პირველი ქულები 33-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც ვაჟა მიქაძემ შესანიშნავად ითამაშა და ახალ ზელანდიას ლელო დაუდო, რომელიც პეტრე ხუციშვილმა გარდასახა - 7:33. ტაიმის ბოლო წუთზე ახალზელანდიელებმა ბასა ხონელიძე ვერ გააჩერეს და მან ტურნირზე მეოთხე ლელო გაიტანა, პეტრე ხუციშვილის გარდასახვა ისევ ზუსტი იყო და პირველი ნახევარი 14:33 დასრულდა.
ლადო კილასონიას გუნდი მეორე ტაიმში კიდევ უფრო მაგრად ათამაშდა, ჯერ ირაკლი აფციაურმა დადო ლელო, რის შემდეგაც ბასა ხონელიძემ დუბლი შეასრულა და საქართველო სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა - 26:33.
მეტოქემ დარჩენილ დროში საჯარიმო ლელოც მიითვალა და მატჩში 50 ქულა დააგროვა. საქართველო 26:50 დამარცხდა და მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა, რაც ყველაზე მაღალი შედეგია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში.