საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მოისმინოს პოლონეთისსაელჩოს პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის განმავლობაში ერთ-ერთ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ "გაუგებარ ინციდენტზე", რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ცდილობდა მის მალულად გატანას, ფეხსაცმლის მეშვეობით.
რატი ბრეგაძე მოუწოდებს ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისგან.
„როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, 2022 წლის 29 ნოემბერს, გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც ჩვენ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვეკიდებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ ითვალისწინებდა მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, შევთავაზე, რომ მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით მოეწვია ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. 2023 წლის 20 მარტს, თითქმის ოთხი თვის თავზე შეთავაზებიდან, მოგვმართა მსჯავრდებულის დედამ, ქალბატონმა გიული ალასანიამ განცხადებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. განმცხადებელს არაერთგზის, წერილობითი და ზეპირი ფორმით, განემარტა, რომ ექიმებს უნდა ჰქონოდათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება და, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მსჯავრდადებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს.
იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებიდან 7 თვის შემდეგ, 2023 წლის 5 ივლისს მსჯავრდადებულის ადვოკატმა შესაბამისი ფორმით, წარმოადგინა მომართვა მსჯავრდადებულ სააკაშვილთან კლინიკა „ვივა-მედში“ პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით.
12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდადებული, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების ერთგულება გაცემული დაპირებისადმი. ამასთან, 3 ივლისის იმავე ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა. ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გავავრცელეთ აღნიშნული ინციდენტის ამსახველი კადრები. საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აქ ნაჩვენებია მხოლოდ ის კადრები, სადაც ხდება ქაღალდში გახვეული ნიმუშის ამოღება და არ არის ნაჩვენები, თუ როგორ მალულად იყო განთავსებული ექიმის ფეხსაცმელში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავ თხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკვირვებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას და კადრებს ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება "ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას".