საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ერთ წელიწადში მილიარდ 144 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც ივნისის მონაცემებით წლიურად 29.2%-იანი ზრდაა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის სტატისტიკით, 2023 წლის 30 ივნისისთვის მთლიანმა რეზერვებმა 5 მილიარდ 66 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მილიარდ 144 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 922 მილიონი დოლარი იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების ცვლილება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება. ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას, რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი 25 ივლისს იქნება. რაც შეეხება რეზერვების სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და 2023 წლის 30 ივნისისთვის ეს ნაწილი 4 მილიარდ 604 მილიონი დოლარი იყო. რეზერვებში შედის ასევე სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.