"ბასრი საგნები", ამერიკელი მწერლის, სცენარისტის და პროდიუსერის გილიან ფლინის სადებიუტო რომანია. წიგნი პირველად 2006 წელს გამომცემლობა Shaye Areheart Book-მა ინგლისურ ენაზე გამოსცა, მოგვიანებით კი წიგნი ხელახლა დაიბეჭდა Broadway Books-ის მიერ.
წიგნის მთავარი გმირი კამილ პრიკერია, რომელიც ჟურნალისტად მუშაობს ჩიკაგოს პატარა გაზეთ The Daily Post-ში. ის არ არის დიდად კმაყოფილი თავისი სამუშაოთი, რომელიც მოიცავს ისტორიების წერას ადამიანების, მკვლელობებისა და დანაშაულის შესახებ. ერთხელაც მას თავისი უფროსი ფრენკ კარი მისურის შტატში, ქალაქ ვინდ გეპში უშვებს ჟურნალისტური გამოძიებისთვის, სადაც ადგილობრივი გოგო ენ ნეში მოკლეს, კიდევ ერთი გოგონა კი დაკარგულად ითვლება.
ვინდ გეპ-ში ყოფნისას კამილი ახერხებს დანაშაულების შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას ქალაქელებისგან, მათ შორის მოკლული გოგონას, ოჯახიდან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი პოლიცია განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს ამ საქმის მიმართ, ქალაქის შერიფი ფიქრობს, რომ მკვლელი ვინდ გეპის მკვიდრია და არა სხვა ქალაქის მკვიდრი. მალე დაკარგული გოგონას, ნატალი კინის ცხედარსაც პოულობენ ქალაქის ხეივანში, რომელიც ისევე როგორც ენი, დაახრჩვეს და ყველა კბილი ამოაცალეს. პოლიცია გაოგნებულია დანაშაულებით, კამილი ამავდროულად სტატიას აქვეყნებს, რათა უფროსისგან დარჩენის უფლება მიიღოს და თვალი მიადევნოს მოვლენების შემდეგ განვითარებას.
რომანი, ბასრი საგნები გამოსვლისთანავე იქცა მსოფლიო ბესტსელერად და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა. 2018 წელს რეჟისორმა ჯან-მარკ ვალემ გადაიღო ამავე სახელწოდების მინისერიალი, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ემი ადამსი ასრულებს.
გილიან ფლინი 1971 წლის 24 თებერვალს კანზას სიტიში, მისურის შტატში დაიბადა. საშუალო სკოლა მშობლიურ ქალაქში 1989 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ადგილობრივ უნივერსიტეტში მოეწყო ინგლისური ენისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მწერალმა ორი წელი გაატარა კალიფორნიის შტატში, სადაც ადგილობრივ ჟურნალში კადრების განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით მან ჩიკაგოს შტატს მიაშურა ჟურნალისტიკაში მაგისტრის ხარისხის მისაღებად, რომელიც 1997 წელს დაამთავრა. თავდაპირველად ფლინს სურდა, რომ პოლიციის რეპორტიორად ემუშავა, თუმცა მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო უნარ-ჩვევები არ გააჩნდა და გადაწყვიტა, რომ მისი დრო და ენერგია სამწერლო მიმართულებისთვის განევითარებინა.
ფლინი მცირე ხნით მუშაობდა შტატგარეშე თანამშრომლად US News & World Report-ში, სანამ 1998 წელს Entertainment Weekly-ში დაიქირავებდნენ სცენარისტად, მოგვიანებით ფლინი დააწინაურეს და ტელეკრიტიკოსის პოზიციაზე გადაიყვანეს, სადაც ის წერდა ფილმების შესახებ. მუშაობის პარალელურად მწერალი ახერხებდა თავისუფალი დრო საკუთარი რომანების წერისთვისაც დაეთმო, სწორედ ამ პერიოდში მოახერხა მან მისი სამი რომანის დაწერა.
გილიან ფლინს ჯამში დაწერილი აქვს 4 რომანი, მისი წიგნები ნათარგმნია და გამოცემულია მსოფლიოს 40 ქვეყანაში, სადაც მათი მილიონობით ეგზემპლიარია გაყიდული.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს გამომცემლობა "პალიტრა ელის" მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე Palitral.ge