ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლექსმანმა აღნიშნა, საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა.
„ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა გვარამია დღეს ჩვენ გვერდით არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახდეს ევროპული ქვეყნების ოჯახის სრულყოფილი წევრი. მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია საქართველოში უნდა შეიცვალოს, ჩვენ ვიცით, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ქვეყნის პოლარიზაციას ახდენს, ეს ყველაფერი ჯანსაღი არაა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რადგან საქართველოს ხალხი თავის მომავალს ევროკავშირს უკავშირებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა გარეთაა, მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
მე დავასრულებ იმით, რომ იმედი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამოუშვებენ, მის ჯანმრთელობას მოევლება და ის დაძლევს იმ სენს, რომელიც პატიმრობაში დაემართა“, - განაცხადა ლექსმანმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს” ეკუთვნის.