პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო იმედოვნებს, რომ მის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით დეტალები გაირკვევა. აღნიშნულის შესახებ მეუფე შიომ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგების დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ზუსტად ახლა თქმა რთულია, იმედია, რომ გაირკვევა. ყოფითი მოწამვლაა, თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.
მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.