ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში , - ამის შესახებ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში წერია.
ამასთან, ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP).
“ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და დანარჩენი საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით, რომ სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით; ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს… ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში, და მაქსიმალურად გამოიყენოს ANP”, - წერია კომუნიკეში.