ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს. ალიანსის ლიდერების შეხვედრებს ლიეტუვას პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადია. სამიტის პირველ დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსმა უკრაინას მკაფიო გზავნილი გაუგზავნა და ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანება კიევის გვერდითაა. სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალიანსის ერთიანობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ პუტინმა მიზანს ვერ მიაღწია და ნატოს გატეხვა ვერ შეძლო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, რომელიც სამიტს მოგვიანებით შეუერთდა უკმაყოფილება ვერ დამალა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ნატო-ში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით ალიანსს ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია და აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის წევრობა რუსეთთან ვაჭრობის საგნად რჩება.