თბილისში ახალ მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა მზარდია. ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია „ქოლიერსი“ ავრცელებს.მიმდინარე წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 515 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით მხოლოდ 0.1%-იანი ზრდაა. ბაზრის ზომა კი 8%-ით, 195 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ორგანიზაციის კვლევით, 2023 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ წლის მაისში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 14%-ით შემცირდა, მაშინ როცა მედიუმ სეგემენტის ბინებზე მოთხოვნა 42%-ით, ხოლო პრემიუმ სეგმენტში 30%-ით გაიზარდა.
2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, 2-3%-ით. მიმდინარე წლის მაისში თბილისში, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.