ქუთაისის აეროპორტთან უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.
ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.
მირანდა ცეცხლაძემ ავარიის შედეგად უმძიმესი დაზიანებები მიიღო, მას სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.
ცნობისთვის, ავარია ქუთაისის აეროპორტთან რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ავტომანქანა ბოძს შეეჯახა და მანქანა აფეთქდა. ავარიას 4 ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. ასევე გარდაიცვალა ლანჩხუთელი გოგონა.
"ეკა, მირანდა, გამიგია თქვენი მეგობრობის შესახებ, როგორი მყარი მეგობრობა გქონდათ... ისევე გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში. ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის. მიყვარხართ და მუდამ მეყვარებით. არასდროს დამავიწყდება თქვენი ჟრიამული, თქვენი ღიმილი არასდროს დამავიწყდება...როგორ ხელჩაკიდებული მორბოდით, როცა მე დამინახავდით და ორივე როგორ თბილად ჩამეხუტებოდით და მეტყოდით, მარი, მარი, ჩვენ ძალიან გვიყვარხაროოო და ისევ თბილად ჩამეხუტებოდით... დამაკლდება თქვენი სითბო, მაგრამ გამახსენდება ის, რომ ჩემი ორი და ერთად არის იმ ქვეყნად. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი და ნათელი თქვენს ხსოვნას, ეკა, მირო" - წერს გარდაცვლილი გოგონების მეგობარი სოციალურ ქსელში.