აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს სამიტზე „გასართობად“ დასწრებას და სურს, ალიანსისგან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზა და უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.
„მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა იმის თქმა, რომ ნატო-ს არ ეშინია რუსეთის. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, სანამ ის ნატო-ს წევრი გახდება. მხოლოდ ამ პირობებში იქნება ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზელენსკიმ ABC-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვილნიუსში დღეს იხსნება. სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი იქნება. ლიდერები ასევე განიხილავენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სამომავლო გზას და სხვა საკითხებს.