ცოტა უხერხულად ვართ იმ ხალხთან, ვინც შვებულებიდან ჩამოიყვანეს. საერთოდ არ გვინდოდა „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატის ჩამოყვანა, პირიქით, დღესაც წავიდნენ თუ უნდათ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „თავდაცვის კოდექსის“ საკითხზე, ხვალ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას გამოეხმაურა.
როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „თავდაცვის კოდექსი“ „ქართული ოცნების“ დიდი საჩუქარია საზაფხულო სესიაზე.
„ეს რომ „ქართულ ოცნებას“ არ შემოეტანა, ვფიქრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, თან ისე არ შემოეტანა, როგორც შემოიტანეს. ამიტომ ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ნებისმიერ ასეთ შეხვედრას. ცოტა უხერხულად ვართ იმ ხალხთან, ვინც შვებულებიდან ჩამოიყვანეს. საერთოდ არ გვინდოდა „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატის ჩამოყვანა, პირიქით, დღესაც წავიდნენ თუ უნდათ. ისინი პარლამენტში ყოფნით უფრო მეტად აფუჭებენ, ვიდრე რამეს აკეთებენ. ადამიანურად მაწუხებს ის ამბავი, რომ „ქოცები“ უკან ჩამოვიყვანეთ.
ამ ისტორიას ასე ვუყურებ - „ქოცები“ აგროვებენ საკუთარ 75-76 კაცს, ტრიბუნას გვიკეთებენ, სხდომას გვიხსნიან, ჩვენ ამით ვერთობით. საზოგადოებას ვაჩვენებთ, თუ რას ჰგავს „თავდაცვის კოდექსი“ , განხილვა რას ჰგავს, პროცედურები რას ჰგავს, ჯარის მიმართ დამოკიდებულება რას ჰგავს.
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ხვალ ადამიანებს ვაჩვენოთ, რა ბოროტმოქმედებას სჩადიან“,- განაცხადა ხვიჩიამ.