უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობას არასდროს დათანხმდება. ზელენსკიმ, ABC News-თან ინტერვიუში, ასევე აღნიშნა, რომ იმ მომენტში, როდესაც კონტრშეტევის შედეგად, უკრაინა რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევს, პუტინი იძულებული გახდება ცივილიზებულ სამყაროსთან დიალოგი სცადოს, რადგან ის დასუსტდება.
ზელენსკიმ ასევე, რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, არის სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა. უკრაინის პრეზიდენტმა, „ვაგნერელების“ მხრიდან უკრაინაზე ჩრდილოეთიდან შესაძლო შეტევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ის რომ პრეზიდენტი იყოს, უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულებას შეძლებდა.