ბათუმი არენაზე ფინალური მატჩით დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ინგლისის ნაკრებმა ტურნირზე ყველა თამაში ნულზე მოიგო, მათ შორის ფინალიც - 1:0. ინგლისელებმა ტიტული 1984 წლის მერე პირველად მოიპოვეს. მატჩის გმირი 20 წლის გოლკიპერი ჯეიმს ტრაფორდია, რომელმაც 97-ე წუთზე ესპანელთა პენალტი მოიგერია.პირველი ტაიმის მე-4 კომპენსირებულ წუთზე კოულ პალმერმა ესპანელთა კარში გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. თუმცა შემდეგ დადგინდა, რომ ბურთი კურტის ჯოუნსს შეეხო. გოლს გუნდური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მსაჯმა ინგლისელთა მწვრთნელის ასისტენტი ეშლი კოული გააძევა.მეორე ტაიმში ინგლისის ნაკრებმა ბოლომდე შეინარჩუნა ანგარიშით, თუმცა კომპენსირებულ მე-7 წუთზე კოლვილმა საჯარიმოში იუხეშა და VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დაინიშნა. ჯეიმს ტრაფორდმა აბელ რუისის დარტყმულიც მოიგერია და დამატებულიც და მატჩის გმირი გახდა.შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდა. ისტორიაში პირველად მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც A ჯგუფი 5 ქულით მოიგო, ხოლო ¼ ფინალში ისრაელის ნაკრებთან მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა. პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური სამმა ნაკრებმა მოიპოვა: ესპანეთმა, ისრაელმა და უკრაინამ.