ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა. სამი დღის წინ ოთხი მოზარდი ზღვაში ე.წ საცურაო ბანანით უცხო პირებმა სასეირნოდ გაიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, კატარღის მძღოლმა რამდენიმე სწრაფი და მკვეთრი მანევრით ბავშვების ზღვაში გადაგდება სცადა, ყოველგვარი დამცავი საშუალების გარეშე. სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში გაუჩინარდა. საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ზღვაში დაღუპულ ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულია ნოდარ მამულაძე, ლუკა მარკოიძე და ზურაბ საღინაძე.