„წითელი ეშმაკების“ მთავარი სამიზნე ანდრე ონანა გახლავთ. ბრიტანელები „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინგლისელებმა „ნერაძურის“ ახალი წინადადებით მიმართეს. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იტალიელებს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები მზად არიან, ონანას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ, რასაც 5 მილიონი ევროს სახით ბონუსიც დაემატება.რომანოს ინფორმაციით, „ინტერს“ ონანას სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურდა, მაგრამ 55-ზეც თანახმა არიან. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და დიდი ალბათობით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ იტალიური Sportmediaset-ის მიხედვით, ონანას გაფორმება ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნაა. ნიდერლანდელ სპეციალისტს 27 წლის მეკარესთან „აიაქსში“ უმუშავია, მისი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენება და დარწმუნებულია, რომ კამერუნელს შეუძლია, „მანჩესტერის“ საკვანძო ფეხბურთელი გახდეს. „ინტერი“ ონანას სავარაუდო შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავდა, მაგრამ ქართველი მეკარე ეძვირა და სხვა ვარიანტებზე გადაერთო.