მადრიდის „რეალის“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 18 წლის თურქი ფეხბურთელი არდა გიულერი კარიერას „სამეფო კლუბში“ გააგრძელებს. გიულერი „ფენერბახჩეს“ შემადგენლობაში 2021 წლის აგვისტოში გამოჩნდა და მას შემდეგ ევროპის არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. გიულერმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ის „ფენერბახჩეს“ ბოლო სეზონში თურქეთის თასის მოგებაშიც დაეხმარა და ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.
17 წლის ასაკში არდა გიულერს დაბიუტი ჰქონდა თურქეთის ეროვნულ ნაკრებშიც. მან ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით უკვე ოთხჯერ ითამაშა და უელსის ნაკრების კარში გოლის გატანაც მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, არდა გიულერის ტრანსფერი მადრიდის „რეალს“ 20 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა სხვადასხვა ბონუსს მისი ოჯახიც მიიღებს. 2005 წელს დაბადებული თურქი ფეხბურთელი ესპანურ გრანდთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკა ბოლო წლებში სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას უკავშირდება. მიმდინარე ზაფხულში კლუბმა უკვე შეიძინა 20 წლის ჯუდ ბელინგემი და 23 წლის ფრან გარსია.