4 მაისს მშობიარობის შედეგად კომაში ჩავარდნილი 19 წლის გოგონა, თარანა კაჰრამანოვა 4 ივლისს გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ გოგონას გარდაცვალება ექიმების დაუდევრობას მოჰყვა.
"გოგონას დაეწყო სისხლდენა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის შემდეგ იგი ორი თვით თბილისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიკვდილს ორი თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იბრძოდა, 4 ივლისს გარდაიცვალა" - ჰყვებიან გოგონას ახლობელბი გამოცემასთან საუბრისას.
საკითხთან დაკავშირებით, მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული განყოფილების უფროსმა ია სეფიაშვილმა Aktual.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში მშობიარობისას ამ გოგონას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მას კიდევ სხვა ტიპის დახმარება სჭირდებოდა და შესაბამისმა ბრიგადამ სპეციალურ ცენტრში, მულტიდისციპლინურ კლინიკაში გადაიყვანა. იგი იქ მკურნალობდა და, სამწუხაროდ, ტრაგიკული ფაქტით გარდაიცვალა, ის გოგო ჩვენს კლინიკაში არ გარდაცვლილა, ამას ვადასტურებ", - აღნიშნა ია სეფიაშვილმა.
ფოტო: Aktual.ge